ნუკი კოშკელიშვილისა და ბენის ქორწინების ამბავი პირველად „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა. მაშინ ტელეწამყვანი საგულდაგულოდ მალავდა გათხოვების ამბავს. საქართველოში მისი გაბედნიერების ამბავი სულ ხუთმა ადამიანმა იცოდა. მის მერე ერთი წელი გავიდა და ნუკი პირველად სტუმრობს სამშობლოს. როგორ მოირგო მეუღლის ამპლუა, როგორი დიასახლისი გამოდგა და როდის ეჭვიანობს ბენი, ნუკი თავად გიამბობთ. მაშ ასე, დღეს, ექსკლუზიურად პირადით, „პრაიმტაიმის“ სტუმარი ნუკი კოშკელიშვილია.
რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ ვამხელდი ჩემი გათხოვების ამბავს, ვფიქრობდი, რომ მერე ერთიანად გავაკეთებდი განცხადებას. მინდოდა ის დღეები მშვიდად ვყოფილიყავი, გათხოვების პირველი დღეები ჟურნალისტებთან საუბარში არ დამეხარჯა. სულ ხუთმა ადამიანმა იცოდა, ნიუ იორკში საქორწინოდ რომ მივდიოდი. ჩემმა მშობლებმა, ჩემმა დამ და ჩემმა საუკეთესო ორმა დაქალმა. იქაური საქორწილო ტრადიციები აქაურს არაფრით არ ჰგავს. ქართული ქორწილი ადვილი გასაკეთებელია. იქ ირჩევ თეფშის ფერს, თეფშს უხამებ ჩანგალს, ჩანგალს – ჭიქას. მიდიხარ, სინჯავ ერთ, მეორე, მესამე ნამცხვარს. ამასობაში სუქდები და გიჟდები. ქორწილის ბოლოს უკვე შეურაცხადი ვიყავი. იქ ერთი წლით ადრე უგზავნი სტუმრებს წერილს სათაურით „შეინახე რიცხვი“, სადაც წერია ქორწილის თარიღი. ექვსი თვით ადრე უგზავნი თარიღსა და ადგილს და მერე ემზადები ქორწილისთვის. ჩვენ ეს ყველაფერი, ჩემი წყალობით, ერთ თვეში მოვაგვარეთ. მერე ვნერვიულობდით იმაზე, გაწვიმდებოდა თუ არა, გამჭვირვალე ტენტს დააჩნდებოდა თუ არა წვიმის წვეთები…
რაც შეეხება ფიცს, ჩვენ შევიკავეთ თავი ფიცებისგან. ბოლოს რომ გვკითხეს თუ გაქვთ დაწერილი ფიცებიო, ვთქვი, რომ მე ფიცის დამწერი არ ვიყავი. ბოლოს მღვდელმა თქვა, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ ერთად იქნებითო და ამას დავეთანხმეთ.
რაც შეეეხება ჩწემ ამერიკელ დედამთილს, მე, ხომ იცით, როგორ ენატლიკინა ვარ, აუცილებლად ვიტყოდი, ცუდი დედამთილი რომ მყავდეს. თან რას გაიგებდა, რას ვწერ ქართულ პრესაში (იცინის). ჩემს ქმარს ჩემი დედამთილი მირჩევნია. ბენი ცუდი ხასიათების ბიჭია, ხანდახან მაბრაზებს ხოლმე. ის არა, ისეთი საყვარელია, სულ ვიძახდი, ნეტა მაგას გავყოლოდი ცოლად-მეთქი. ძალიან თბილი და ტკბილია ყველას მიმართ, შენც რომ გაგიცნოს, გადაგიშლის გულს, გაგიკეთებს საჭმელს, უკანასკნელს გაიხდის და მოგცემს.
მშობლები.გე
Discussion about this post