თეირანი მზადაა, უპასუხოს აშშ–ის გადაწყვეტილებას ნავთობისა და გაზის კონდენსატის ირანიდან იმპორტზე 5 ქვეყნისთვის (ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა და თურქეთი) დროებითი ნებართვების 1 მაისიდან გაუქმების შესახებ. შესაბამისი განცხადება ირანის ნავთობის სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა.
ცნობისთვის: ზემოაღნიშნული ქვეყნებისთვის დროებითი ნებართვები გასული წლის შემოდგომიდან მოქმედებს.
ირანის როვოლუციური გვარდია კი კვლავ დაიმუქრა, რომ აშშ–ის ნაბიჯების საპასუხოდ თეირანი მზად იქნება, ჰორმუზის სრუტე დახუროს.
დღესვე, ცოტა ხნით ადრე თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ 1 მაისიდან გააუქმებს დროებით ნებართვებს 5 ქვეყნისათვის ირანიდან ნავთობისა და გაზის კონდენსატის იმპორტზე და რომ ამ ნაბიჯის მიზანს ირანული ნავთობის იმპორტის “ნულზე დაყვანა” წარმოადგენს.
როგორც პომპეომ აღნიშნა, ირანის მიმართ გასული წლის ნოემბერში შემოღებულმა სანქციებმა თეირანს მილიარდი დოლარი უკვე დააკარგვინა.
ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზი ვიწრო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტეა ომანისა და სპარსეთის ყურეებს შორის. ის უზრუნველყოფს სპარსეთის ყურის ნავთობის ექსპორტს დანარჩენ მსოფლიოში. აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აქ ყოველდღიურად 15 ტანკერი გაივლის, რომლებსაც 16.5-17 მლნ ტონა ნავთობი გადააქვთ, რაც სრუტეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გეოსტრატეგიულ წერტილად აქცევს. ამჟამად ჰორმუზის სრუტეზე მოდის მსოფლიოში ნავთობის საზღვაო გადაზიდვების 40%.
Discussion about this post