რამდენიმე საათის წინ მეც როგორც თითქმის ყველას, 9 აპრილი მარტო 9 აპრილს გამახსენდა, სურათი ისევ დავდე და მივაწერე -„რამდენი წელია ვეძებ თქო.. „
დილით ნინომ მომწერა: მე ვიცნობ ამ გოგოს და იტალიაში, ემიგრაციაში ცხოვრობსო, დოდოშკამ სამხატვროში სწავლობდაო…. ისევ ვარაუდების, თბილისსური ლეგენდა – ვერსიების ამარა დავრჩი…
სამი საათისთვის ლიზა კინოში წავიყავანე, წლებია დასვენების დღეს არ დამისვენია და დღეს ლიზას სამსახურში ჩავდექი, “რიო 2” -ის ბილეთები რუსთაველში არ დამხვდა და “ამირანში” ავიღე, სეანსი ერთ საათით გვიან იწყებოდა ამიტომაც პეპსით და „პოპ კორნით“ შეიარაღებული facebook-სა და ვაიბერს ჩავუჯექი..
თამარა დიდი ხანია ჩემი “ოპერატიული მუშაკია”, საოცრებები იცის ან იგებს.. შეტყობინებაც მისგან დამხვდა.. შენი სურათი ჩემმა მეგობრებმა გაიზიარეს იტალიაში და ნახე რა მოიწერესო.
“მარი ნანა მახარაძე მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა ბატონ იური მეჩითოვს ამ საოცარი ფოტოსათვის, ეს დღე მუდამ უნდა ახსოვდეს ქართველ ხალხს. არასოდეს არ ვთვლიდი საჭიროდ მეთქვა: ამ ფოტოზე ასახული გოგონა მე ვარ, რადგან ეს არასოდეს ყოფილა ჩემთვის, მხოლოდ ჩემი ფოტო, დღეს ძალიან შორს ვარ ჩემი ქვეყნიდან …
რაღაც უცნაურად ვიგრძენი თავი.. დიდიხნის უნახავ, უფრო სწორად დაკარგულ ახლობელს რომ იპოვი.. ჩემი 9 აპრილი ვიპოვე… მერე სოციალურ ქსელში მისი სახელი და გვარი ავკრიფე- მარი ნანა მახარაძე და მივწერე….. ყველაფერი მაინტერესებდა..ყველაფერი.. პასუხი ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა: “დიახ, მე გახლავართ იმ ფოტოზე. თქვენ საიდან მომაგენით ?”
„პროფესია მაქვს ასეთი“- ვუპასუხე, გავეცანი და შემდეგ კითხვაზე გადავედი. ფოტოს შესახებ ვკითხე.. აღმოჩნდა რომ მხოლოდ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იციან ამ სურათის შესახებ, ფოტოს ავტორიც კი ეძებდა . ფოტო 10 აპრილს საპროტესტო მსველეობის დროს ქუჩაში გადაიღო იური მეჩითოვმა.
ყველაფერი გამახსენდა.. თბილი აპრილის დღეები. რაღაცნაირი – უნაური განწყობა და დამოკიდებულები, რამდენი მიტინგი და აქცია გამართულა თბილისში ისეთი მას შემდეგ არ მახსოვს.. არც ის წუთი მავიწყდება საოცარი სიჩუმე.. მოარული კასეტები, ჯოხით ტანკთან შებმა.. „ დაუკარიიით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს……“ ეს ხმაც მახოსვს, მერე უკვე მორგის კადრები, დაღუპულების სახელები, კომენდანტის საათი, შევარდნაძის ჩამოსვლა, მისგან პირველად თქმული სიტყვა პლურალიზმი, განცხადებები, პატიაშვილი, ზვიადი, მერაბი, ხალხი .. მოწამლულები, ექიმები, მილიცია, როდიონოვი, ალესილი ნიჩბები. „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ და ზინა კვერენჩხილაძის მიერ წაკითხული რაღაც უცანური გოდება სიონის ტაძარში…. ქუჩაში გამოსული ხალხიიი მანქანები გაუჩერებელი „სიგნალებით“( საყვირებით ) არ ვიცი, ვინ დაიწყო, საიდან და აგორდა,მაგრამ ეს მახსოვს- ყველა მანქანა ასე დადიოდა… ამ ხმას ვერ გაექცეოდი, ვერ დაემალებოდი…
Discussion about this post