პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები – გუშინ, 21 აპრილს პანკისის ხეოობაში დაძაბული ვითარება იყო. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი კი მცირე ჰესი გახდა, რომლის აშენებასაც ხელისუფლება იქ გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე მოხდა დიდი რაოდენობით ძალოვანებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება. ხალხის პროტესტი კი დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს დაუკავშრდა, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულ რეგიონთან მიმართებით 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მრავალი შეცდომა დაუშვა. მისი განცხადებით, სწორედ ხელისუფლების შეცდომები იწვევს აღნიშნულ რეგიონში პრობლემებს და დაძაბულ სიტუაციებს:
„ჩემთვის სამწუხაროდ ეს არ იყო სურპრიზი, იმიტომ, რომ 2012 წლიდან დაწყებული, „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დესტაბილიზაცია შეიტანოს ამ სენსიტიურ რეგიონში, სადაც ცხოვრობს ძალიან კარგი, პატრიოტი ხალხი. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ იქ ყოფილიყო სიმშვიდე და არანაირი პრობლემები არ შექმნილიყო.
თუმცა, 2012 წლიდან, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მიზანმიმართულად დაიწყო სპეკულაცია და ვითარების დაძაბვა ამ რეგიონის გარშემო“, – აღნიშნავს შაშკინი და იხსენებს ხელისუფლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, პანკისის ხეობაში ტერორისტების ბაზები არსებობდა:
„ბევრს შესაძლოა დაავიწყდა და მსურს შევახსენო, რომ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ აქტიურად დაიწყო პროპაგანდა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომ პანკისში იყო ტერორისტების ბაზები. ამას „ოცნება“ აცხადებდა ხმამაღლა, ყველა საერთაშორისო ფორუმზე. 2012-2013 წელი „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა სწორედ ამ ეგიდით, რომ იქ ჩვენ თურმე ტერორისტებს ვამზადებდით და იყო ტერორისტული ბაზები. ბუნებრივია, ეს არ იყო სიმართლე და იყო სიცრუე“, – აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
იგი ასევე ლაფანყურის სპეცოპერაციასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ პანკისელების მოტყუებაზე საუბრობს:
„2013 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ აქტიურად დაიწყო მანიპულირება და ცრუ ინფორმაციის გავრცელება ამ რეგიონის შესახებ. საუბარია მძიმე შემთხვევაზე, რომელსაც ჰქვია ლაფანყურის სპეცოპერაცია. „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება ამ სპეცოპერაციის გარშემო. მილიონი სისულელე მოიფიქრეს, მაგრამ ისეთ შეცდომაში შეიყვანეს პანკისის ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ამ სპეცოპერაციისას დაღუპული ადამიანების ექსჰუმაცია მოხდა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა განსაკუთრებით მუსლიმი ხალხისთვის. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა, მუსლიმები როგორც წესი არ ეთანხმებიან ექსჰუმაციას, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მოხაერხა და ვიმეორებ, შეცდომაში შეიყვანა ეს ხალხი. ექსჰუმაციამ კი რა თქმა უნდა აჩვენა, რომ არავინ არავის კლავდა ძილში და ასე შემდეგ. მოხდა დიდი გაუგებრობა, უბედურება სპეცოპერაციის დროს, დაიღუპა ხალხი, „ქართულმა ოცნებამ“ კი ეს გამოიყენა სიცრუის ტირაჟირებისთვის.
ამის შემდეგ მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა, როცა საკუთარ სახლში ლოგინში მოკლეს ადამიანი“, – აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ გუშინ განვითარებული მოვლენები არ უკავშრდება ჰესის მშენებლობას და ეს საკითხი მეორეხარისხოვანია:
„გუშინ კი რაც ვნახეთ ცნობილია – როდესაც მოლაპრაკებებზე მიდიხარ, რატომ მოგყავს სპეცდანიშნულების რაზმი? რატომ შეგყავს დამატებითი ძალები? მე დარწმუნებული ვარ, რომ ჰესის მშენებლობის თემა იქ არის მეორეხარისხოვანი. 5 მეგავატიანი ჰესის იქ აშენებით ან არაშენებით არანაირი დიდი ზიანი ქართულ ენერგეტიკას არ მაიდგება, თუ აშენდა იმ კონკრეტულ რეგიონს სერიზული პრობლემები შეექმნება. ძალიან მარტივად აიხსნება რასთან გვაქვს საქმე, ხალხს ეუბნებიან, რომ ერთ წელიწადში სოფელში მდინარე აღარ გექნებათო. არ უნდა იყო დიდი ეკოლოგი, იმის მისახვედრად, რომ მდინარის გაქრობის შემთხვევაში ყველაფერი შეიცვლება. აბსოლუტურად გასაგებია ამ ხალხის უკმაყოფილება“, – განმარტავს შაშკინი.
მისივე განცხადებით, მართალია ადგილი ჰქონდა გარკვეულ ძალადობას სამართალდამცავენის მიმართ, მაგრამ უნდა იქნეს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ აღნიშნულის პროვოცირება სწორედ ხელისუფლების შეცდომებმა მოახდინა:
„ძალიან ცუდი რამ მოხდა და ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალადობის გამართლება. განსაკუთრებით პოლიციის ან სპეცდანიშნულების თანამშრომლებზე ძალადობის გამართლება. თუმცა, აქ ერთი რაღაც არის გასათვალისწინებელი, ეს მოხდა იმ ძალიან დიდი შეცდომებისა და პროვოკაციების გამო, რომელიც მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“. გუშინდელი სიტუაცია იყო სოციალური აფეთქება, უნდა გაირკვეს ხელისუფლების რა შეცდომამ გამოიწვია ის, რომ პანკისელმა ქალებმა ხელში ჯოხები აიღეს და მათ საკუთარი სოფლების დაცვა ასე მოუწიათ. ეს არის პირველ რიგში გასარკვევი“, – განმარტავს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
Discussion about this post