2014 წელს სასტიკად მოკლული დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების საქმეზე ბრალდებული გიორგი ყუფარაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ბრალდებული ყუფარაძის საქართველოში ექსტრადირება გასული წლის ნოემბერში მოხდა. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ მეორე პირს, ვასილ გოშაძეს, მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ვინაიდან მან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა.
მკვლელობაში ბრალდებული პირები, გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე წარსულშიც ნასამართლევები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე ფიგურირებდნენ 2003 წლის 15 სექტემბერს მომხდარი ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეში. ყუფარაძე ასევე გასამართლებული იყო ორი აზერბაიჯანელი ძმის განზრახ მკვლელობისთვის. მას 2008 წელს 25 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, საპატიმრო ვადაზე ადრე, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ამნისტიის საფუძველზე დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ყუფარაძემ პოლიციას ზუბადალაშვილის მკვლელობის შემკვეთები დაუსახელა. რაც შეეხება გოშაძეს, ის თავის დროზე სასჯელს “საქართველოს ბანკის” გლდანის ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისთვის და დაცვის თანამშრომლის მკვლელობისთვის იხდიდა და საპატიმრო ვადაზე ადრე მანაც გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ამნისტიის შედეგად 2013 წელს დატოვა. 2014 წელს კი მან, გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძესთან ერთად დედა-შვილი კვეზერელები მოკლა, თუმცა, სამართალდამცველებმა ის მოგვიანებით, სხვა დანაშაულისთვის დააკავეს და 14 წლიანი პატიმრობა ნარკოდანაშაულისთვის შეუფარდეს.
შეგახსენებთ, რომ დედა-შვილი ნატო და გურამ კვეზერელები 2014 წელს მოკლეს. ნატო კვეზერელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს, მისი შვილი კი, გაუჩინარებულად ითვლებოდა. მკვლელობის შემდეგ, კვეზერელების სახლიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასი ნივთებია წაღებული.
შსს-მ გურამ კვეზერელის ცხედარს, კოჯორში ყუფარაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მიაკვლია. ის კასრში იყო დამარხული, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი მჟავა ჰქონდა დასხმული.
Discussion about this post