აგვისტოს ომში დაღუპული გმირი ლევან დევდარიანი, სულ რაღაც, 24 წლის იყო. მას არც ცოლ-შვილი დარჩენია, არც შეყვარებული… დარჩა სახელი – გმირის. დარჩა ბოლო ზარის პერანგი, ბეჭებზე საკუთარი ხელით ნაწერი წარწერით – „კაცობა-გმირობა“…
„ბიჭები მიყვებოდნენ, მთელი ომის ქარცეცხლი გამოუვლია, ტელევიზიით ულაპარაკია ექიმ გოგოს, რომელიც იქ დაიჭრა, იქ ერთი სვანი ბიჭი იბრძოდა, იმნაირი მე არაფერი მინახავსო. იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს მოხდა, ლევანის მეტი არავინ იყო სვანი… მისი თანამებრძოლი ბიჭები ჰყვებოდნენ, – „ის როგორ გადარჩებოდა, ან როგორ არ დაიჭრებოდა, ტანკიდან ტანკზე ვეფხვივით ხტებოდა, დაფრინავდა, ისეთ ამბებში იყოო. ჩემმა მაზლისშვილმა სურათიც გამომართვა, ბიჭებს ანახა და იმ ბიჭებმა უთხრეს, ეგ არის, სურათი რად გვინდა, ისედაც ყველამ ვიცითო. ყველამ იცის ლევანი, ვინც კი ცხინვალიდან ცოცხალი გამოვიდა“, – აცხადებს ლევან დევდარიანის დედა ბელა შარვაშიძე.
ლევანმა სამშვიდობოს გამოაღწია, მაგრამ იქ, „შანხაის“ ტერიტორიაზე ბიჭები ჩარჩნენ და, იმათ იქ ვერ დავტოვებო და უკან შებრუნდა. მაშინ დაიჭრა ფეხში მძიმედ… შემდეგ ისე მოხდა, რომ დანარჩენები გამოვიდნენ, დაჭრილი ლევანის გამოყვანა კი ვეღარ მოახერხეს…
ცნობისთვის, ლევან დევდარიანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა. ის გმირული ბრძოლიდან მშვიდობიანად გამობრუნებული ალყაშემორტყმულ მეგობრებთან შევიდა და მის გარდა ყველა ცოცხალი გამობრუნდა.
წყარო: primetime
Discussion about this post