შემთხვევა საბერძნეთის დედაქალაქში, კალითეის რაიონში მოხდა. ექსპერტების წინასწარი ვარაუდით, ქალი საკუთარმა ქმარმა დაახრჩო.
საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. იგი საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი ათენში, კალითეის რაიონში. ქალის ნათესავები მას გუშინ დილიდან ეძებდნენ, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. რადგან ქალი არ გამოჩნდა, დეიდამისი საღამოხანს ხელოსნის დახმარებით შევიდა მის ბინაში და იგი საკუთარ საძინებელში ნახა, გარდაცვლილი. ამის შესახებ enikos.gr ავრცელებს ინფორმაციას.
კარი გატეხილი არ იყო, ბინას არც ძარცვის კვალი ეტყობოდა და პოლიციის ვარაუდით მსხვერპლი მკვლელს იცნობდა.
29 წლის ქალს ჰყავდა ქმარი (ისიც საქართველოს მოქალაქე) და 2 მცირეწლოვანი შვილი. ბავშვები ბოლო დროს ბებიასთან და პაპასთან ცხოვრობდნენ.
გარდაცვლილს ყელის მიდამოებში სილურჯეები აღენიშნებოდა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს, უკავშირდება თუ არა ეს ჩალურჯებები მის სიკვდილს და რამ გამოიწვია ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება.
პოლიციის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქალის ქმარია. ნათესავების თქმით, ბოლო დროს მას ხშირად ჰქონდა უთანხმოება საკუთარ ქმართან.
Discussion about this post